Benutzer:Deu/Sandbox2
|
I. ზოგადი
[Bearbeiten]სამოქალაქო კოდექსის 408-415-ე მუხლებში მოწესრიგებულია ზიანის ანაზღაურების მოთხოვნათა შინაარსი, რის გამოც მათ სხვაგვარად ასევე ზიანის ანაზღაურების სამართალს, ან ანაზღაურებადი ზიანის მოცულობის განმსაზღვრავ დანაწესებსაც უწოდებენ.[1] ამ მოთხოვნათა წინაპირობები მოცემულია სხვა ნორმებში. ვალდებულებითი სამართლის ზოგადი ნაწილში ესენია 394-ე და მომდევნო მუხლები, თუმცა 408-415-ე მუხლების მოქმედება არ შემოისაზღვრება მხოლოდ ვალდებულებითი სამართლის ზოგადი ნაწილით ან სახელშეკრულებო სამართლით.[2] ეს დანაწესები ძალაშია ყველა სხვა კანონისმიერი ვალდებულებითი ურთიერთობის შემთხვევაში წარმოშობილი ზიანის ანაზღაურების მოთხოვნისათვის, როგორიც არის, მაგალითად, 970 II მუხლი. განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის შინაარსს დელიქტური პასუხისმგებლობისას 992-ე და მომდევნო მუხლების მიხედვით.[3]
სამოქალაქო კოდექსის მოცემულ კარს შემდეგი შინაგანი სისტემატიკა ახასიათებს: 408-ე, 409-ე და 413-ე მუხლები წარმოადგენენ უშუალო საფუძველს ზიანის ანაზღაურებისათვის და განსაზღვრავენ მისი ანაზღაურების ხერხს. 411-ე, 412-ე და 414-ე მუხლები შეიცავენ მოცემული ანაზღაურებადი ზიანის არაანაზღაურებადისაგან გამიჯვნის კრიტერიუმებს, ხოლო 410-ე და 415-ე მუხლები აწესრიგებენ შემთხვევებს, როდესაც ზიანის ანაზღაურება გამორიცხულია ან ეს ზიანი მხოლოდ შეზღუდული ოდენობით ანაზღაურდება.
1. ზიანის ანაზღაურების ფუნქცია
[Bearbeiten]ზიანის ანაზღაურების მთავარ მიზანს წარმოადგენს მიყენებული დანაკლისის გამოსწორება (გამოსწორების ფუნქცია).[4] გარდა ამისა, მას ენიჭება პოტენციურ დამაზიანებელზე პრევენციული ზემოქმედების განხორციელების ფუნქცია, რათა საერთოდ ააღებინოს ხელი სხვისათვის ზიანის მიყენებაზე (პრევენციის ფუნქცია). ცალკეა გამოსაყოფი არაქონებრივი ზიანის ანაზღაურება (413). ამ დროს ანაზღაურების მოთხოვნა არამატერიალური ზიანის გამოსწორების გარდა მიზნად ისახავს დაზარალებულის დაკმაყოფილებას,[5] თუმცა გაბატონებული მოსაზრების თანახმად ამ შემთხვევაშიც წინა პლანზე გამოსწორების ფუნქცია დგას (მუხ. 413 9-ე და მომდევნო ველები).[6]
2. სრულად გამოსწორების ფუნქცია
[Bearbeiten]გამოსწორების ამ ფუნქციიდან გამომდინარეობს ე. წ. სრულად გამოსწორების პრინციპი, რომლის მიხედვითაც დამზიანებელმა ზიანი, რომელიც მას შეერაცხება, სრულად უნდა აანაზღაუროს.[7] ამგვარად, ანაზღაურებადი ზიანის ოდენობა განისაზღვრება დაზარალებულისათვის მიყენებული დანაკლისის და არა დამზიანებლის ბრალის ხარისხის მიხედვით.[8] მანქანის მსუბუქი გაუფრთხილებლობით გამნადგურებელიც ისევე ანაზღაურებს მის სრულ ღირებულებას, როგორც პირი, რომელმაც ის განზრახ დაწვა. ზიანის ანაზღაურების მოთხოვნისათვის, ჩვეულებრივ, უმნიშვნელოა, შეეძლო თუ არა დამზიანებელს ზიანის დადგომის შესაძლებლობისა და მისი მოცულობის წინასწარგანჭვრეტა (თუმცა შდრ. მუხ. 412 მე-7 და მომდევნო ველები).[9]
გარდა ამისა, კომპენსაციის ფუნქციიდან გამომდინარეობს წესი, რომ ზიანის ანაზღაურების მოცულობა დაზარალებულისათვის რეალურად მიყენებული ზიანით უნდა შემოიფარგლოს (ე. წ. გამდიდრების აკრძალვა).[10] დაზარალებული ზიანის ანაზღაურების შემდეგ არ უნდა აღმოჩნდეს უკეთესს მდგომარეობაში, ვიდრე იქნებოდა ზიანის მიყენების გარეშე. ამ კონტექსტში განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ე. წ. სარგებლის გაქვითვა (იხ. მუხ. 414 26-ე ველი) და ასევე ძველი ნივთის ახლით ჩანაცვლების საკითხი (მე-17 ველი), როდესაც ზიანის ანაზღაურების შემდეგ ნივთის ღირებულება უფრო მეტია, ვიდრე ზიანამდე.
3. მზღვეველის მიერ ზიანის ანაზღაურება (კოლექტიური კომპენსაცია)
[Bearbeiten]ზიანის ანაზღაურების სამართალი თანამედროვე პრაქტიკაში მჭიდროდ არის დაკავშირებული სადაზღვეო სამართალთან. ჯანმრთელობის, ზიანის, ან უბედური შემთხვევის დაზღვევისას დაზარალებულ-დაზღვეულს ზიანს არა დამზიანებელი, არამედ მზღვეველი უნაზღაურებს, რის შემდეგაც ამ უკანასკნელზე გადადის დამზიანებლისაგან ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება (832). თუმცა, თუ თავის მხრივ დამზიანებელიც დაზღვეული იყო სამოქალაქო პასუხისმგებლობისაგან, მაშინ სასამართლო პროცესზე ერთმანეთის პირისპირ ორი მზღვეველი დგას. მიუხედავად ამისა, წაყენებული მოთხოვნების მატერიალურ საფუძველს მაინც პასუხისმგებლობისა და ზიანის ანაზღაურების ზოგადი სამართალი წარმოადგენს,[11] რის გამოც მათ საბოლოო ჯამში გადამწყვეტი პრაქტიკული მნიშვნელობა ენიჭებათ.
4. დისპოზიციურობა
[Bearbeiten]408-415-ე მუხლები, ზოგადად, დისპოზიციურ დანაწესებად უნდა მივიჩნიოთ, რაც ნიშნავს იმას, რომ მხარეთა ინდივიდუალური შეთანხმების საფუძველზე – კერძო ავტონომიის ზოგად ჩარჩოებში (8 III, 54) – დასაშვებია შეთანხმება, რომელიც ითვალისწინებს, მაგალითად, ზიანის ანაზღაურებას მაქსიმალურ თანხას, ერთიან მყარად დადგენილ თანხას (გარკვეული ტიპის) ზიანისათვის, ან ზიანის გამოსწორების ხერხს (იხ. 410-ე მუხლის კომენტარი).[12] რაც შეეხება ხელშეკრულების სტანდარტულ პირობებში ამ ტიპის დათქმის გაკეთებას, მისი ნამდვილობა უნდა გადამოწმდეს 348 ვ)-ი) მუხლში დაფიქსირებული შეზღუდვის გათვალისწინებით (იხ. მუხ. 348 10-ე და მომდევნო ველები).
II. ზიანის ცნება და მისი სახეები
[Bearbeiten]1. ცნება
[Bearbeiten]ზიანის ცნება კანონში განმარტებული არ არის. გერმანული იურიდიული დოქტრინა, რომლის არგაზიარების საფუძველიც საქართველოში არ არსებობს, ხელმძღვანელობს ზიანის ე. წ. ნატურალური ცნებით.[13] მის თანახმად ზიანი არის ნებისმიერი არანებაყოფლობითი ქონებრივი მსხვერპლი, რაც გამოწვეულია აქტივების შემცირებით ან პასივების ზრდით (damnum emergens), ასევე შემოსავლის მიუღებლობით (lucrum cessans).[14] ამ გაგებით ზიანი უპირისპირდება დანახარჯებს, როგორც ნებაყოფლობით ქონებრივ მსხვერპლს, თუმცა ზიანის ცნება მოიცავს ასევე ხარჯებსაც, რისი გაწევაც უხდება დაზარალებულს სხვა უფრო მნიშვნელოვანი სიკეთის დაზიანების თავიდან აცილების ან ზიანის ოდენობის შემცირების მიზნით.[15] ამგვარი დანახარჯი საბოლოო ჯამში მაინც ზიანის დადგომის საფრთხით არის განპირობებული და ვერ ჩაითვლება ნებაყოფლობით გაწეულად.[16] დანახარჯების ზიანად დაკვალიფიცირებისათვის, რა თქმა უნდა, საჭიროა, რომ ისინი საღად მოაზროვნე პირის თვალსაწიერიდან, დაზარალებულის მდგომარეობის გათვალისწინებით, ზიანის პრევენციის აუცილებელ ზომად წარმოჩნდეს.
ზიანის ნატურალური ცნება წარმოადგენს მხოლოდ ამოსავალ წერტილს ანაზღაურებადი ზიანის დადგენისათვის და ხშირს შემთხვევაში ხდება მისი მოდიფიცირება ზიანის ე. წ. ნორმატიული ცნებით.[17] მთელ რიგ შემთხვევებში მიყენებული დანაკლისი ნორმატიული საფუძვლებიდან გამომდინარე ვერ ჩაითვლება ანაზღაურებად ზიანად (იხ. მუხ. 412 მე-6 და მომდევნო ველები). ასევე პირიქით, ზოგჯერ რეალური ქონებრივი სარგებელი, რაც ზიანის მიყენებით არის განპირობებული (მაგალითად, სადაზღვეო თანხა) იმავე ნორმატიული საფუძვლიდან გამომდინარე არ უნდა იქნეს გათვალისწინებული ზიანის მოცულობის დაანგარიშებისას (შდრ. სარგებლის გაქვითვასთან დაკავშირებით მუხ. 414 26-ე ველი).
2. ქონებრივი და არაქონებრივი ზიანი
[Bearbeiten]408 I მუხლის მიხედვით პირმა, რომელსაც აწევს ზიანის ანაზღაურების ვალდებულება, უნდა აღადგინოს ის გარემოება, რაც იარსებებდა ზიანის განმაპირობებელი შემთხვევის დადგომის გარეშე. ზემოთ მოყვანილი ზიანის ცნებით მოცულია, როგორც ქონებრივი, ისე არაქონებრივი დანაკლისი. ქონებრივი ზიანის შემთხვევაში მისი დადგენისა და გამოთვლის ხერხს ე. წ. დიფერენციის ჰიპოთეზა წარმოადგენს, რომელიც 408 I მუხლიდან გამომდინარეობს. ამ დროს ხდება ამჟამინდელი ქონებრივი მდგომარეობის შეპირისპირება იმ ჰიპოთეტურ ქონებრივ მდგომარეობასთან, რომელიც იარსებებდა დამაზიანებელი შემთხვევის დადგომის გარეშე – დიფერენცირება.[18] თუ ამ შეპირისპირების შედეგად ნეგატიური ქონებრივი ნაშთი დგინდება, სწორედ ეს ნაშთი წარმოადგენს ზიანს. ზიანის გამოთვლისას გასათვალისწინებელია არა მხოლოდ ქონების რეალურად შემცირებული ღირებულება, არამედ ასევე მიუღებელი შემოსავალიც (411). ნივთის დაზიანებისა და განადგურების შემთხვევაში ანაზღაურებადი ზიანის ოდენობამ შეიძლება მნიშვნელოვნად გადააჭარბოს ნივთის რეალურ ღირებულებას. განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, როდესაც დაზარალებულს ნივთის მოგების მომტანად გამოყენება შეეძლო, მისი წარმოების საშუალებად გამოყენების ან გაყიდვის მეშვეობით.
არაქონებრივი (არამატერიალური) ზიანის ოდენობის გამოთვლისას დიფერენციის ჰიპოთეზა არ გამოდგება. არამატერიალური ზიანი გამოირჩევა სწორედ იმით, რომ ამჟამინდელი და ჰიპოთეტური (ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოების გარეშე) ქონებრივი მდგომარეობის შეპირისპირებისას ფულადი დანაკლისი არ დგინდება.[19] არამტერიალური ზიანის ტიპიურ მაგალითს წარმოადგენს სულიერი ტანჯვა სხეულის დაზიანების ან მიყენებული შეურაცხყოფის გამო.[20] იხ. დეტალურად არამატერიალური ზიანის ანაზღაურების მიზანთან დაკავშირებით 413-ე მუხლის კომენტარი.
ქონებრივ და არაქონებრივ ზიანს შორის მიჯნის გავლება მთელ რიგ შემთხვევებში ძალზე საკამათოა. გამიჯვნისათვის ამოსავალ წერტილს წარმოადგენს კრიტერიუმი, აქვს თუ არა მიყენებულ დანაკლისს ფულადი ექვივალენტი.[21] თუ დაზიანებული ნივთი ბაზარზე თავისუფლად ხელმისაწვდომია, მაშინ ეს საბაზრო ღირებულება გამოიყენება საორიენტაციოდ, თუმცა ქონებრივი ზიანი შესაძლებელია სახეზე გვქონდეს შესაბამისი საბაზრო ღირებულების არარსებობის შემთხვევაშიც. გადამწყვეტია, აქვს თუ არა ნივთს სამოქალაქო ბრუნვაში ზოგადად რაიმე ღირებულება. მაგალითად,[22] თუ დამზიანებელმა გაუფრთხილებლობით გატეხა დაზარალებულის ხელნაკეთი ნაღმოსნის მაკეტი, რომელსაც ეს უკანასკნელი მრავალი წლის განმავლობაში აწყობდა, 992-ე მუხლის მიხედვით ანაზღაურებადი ზიანი განისაზღვრება არა დახარჯული დროისა და მასალის მიხედვით, არამედ მსგავსი საგნის ღირებულების მიხედვით. ამ შემთხვევაში დაზარალებულის სამოყვარულო ინტერესი ზიანის გამოთვლისას არ გაითვალისწინება.[23]
თავდაპირველი მდგომარეობის აღდგენისათვის 408 I მუხლის გაგებით უმნიშვნელოა, არამატერიალურ, თუ მატერიალურ ზიანს ეხება საქმე, რადგან ორივე შემთხვევაში ნატურით რესტიტუციის პრინციპი შეუზღუდავად მოქმედებს. მაგალითად, მართალია, შეურაცხყოფა არამატერიალურ ზიანს წარმოადგენს, თუმცა დამზიანებელს ამ შემთხვევაშიც 992-ე და 408 I (ასევე 18 IV, იხ. ამ მუხლის კომენტარი) მუხლების ურთიერთკავშირის საფუძველზე ღირსების შემლახავი ცნობების გაქარწყლება ეკისრება.[24] თუ დაზარალებული მიყენებული ზიანისათვის ფულად ანაზღაურებას ითხოვს, ამ დროს ქონებრივ და არაქონებრივ ზიანს შორის მიჯნის გავლებას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება. 413 I მუხლის მიხედვით არაქონებრივი ზიანისათვის ანაზღაურების მოთხოვნა მხოლოდ მაშინ არის შესაძლებელი, როდესაც ეს ცალსახად გათვალისწინებულია კანონში. ქონებრივი ზიანი ამის საპირისპიროდ ყოველთვის ანაზღაურდება. მაგალითად, დაზარალებულის ცემისას, სხეულის დაზიანებით განპირობებული მკურნალობის ხარჯები წარმოადგენს ქონებრივ ზიანს, რომელიც 408 I, III 1 მუხლის მიხედვით (შდრ. მე-20 ველი) ფულით უნდა ანაზღაურდეს. დაზიანებასთან დაკავშირებული ტკივილი კი არამატერიალური ზიანია, რომელიც 413 II მუხლის თანახმად გამონაკლისის სახით ასევე ანაზღაურებადია.
3. პოზიტიური და ნეგატიური ინტერესი
[Bearbeiten]ხელშეკრულების დარღვევით გამოწვეული ზიანის შემთხვევაში კამათის საგანს წარმოადგენს, თუ რა ჩაითვლება ჰიპოთეტური მდგომარეობის რეკონსტრუირებად, დაზარალებულის იმ მდგომარეობაში ჩაყენება, როგორშიც იქნებოდა ხელშეკრულების შესრულების შემთხვევაში (პოზიტიური ან შესრულების ინტერესი), თუ საერთოდ რომ არ დაედო ხელშეკრულება (ნეგატიური ინტერესი).[25] მაგალითად, ავტომანქანის ნასყიდობის შემდეგ აღმოჩნდება, რომ ის განადგურებულია, მყიდველი კი ამ 10 000 ლარად ნაყიდი მანქანის 20 000 გადაყიდვას მოახერხებდა. გარდა ამისა, მყიდველმა ნასყიდობის დადებასთან დაკავშირებით გასწია მგზავრობის ხარჯები – 200 ლარი. მყიდველის პოზიტიური ინტერესი შედგენს 10 000, ხოლო ნეგატიური კი მხოლოდ 200 ლარს. თუ მყიდველი მოითხოვს შესრულების ნაცვლად ზიანის ანაზღაურებას 394 I-III მუხლის მიხედვით, მიიღებს 10 000 ლარს, ხოლო 200 ლარი არაანაზღაურებად ზიანად ჩაითვლება, რადგან ამ მოთხოვნის შინაარსს სწორედ პოზიტიური ზიანის ანაზღაურება წარმოადგენს. ამიტომაც არასწორია საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსაზრება,[26] როდესაც ის 394 I მუხლის მიხედვით ანაზღაურებადად მიიჩნევს იმ 10 000 ლარს, რომელსაც გამყიდველი იმავე ნივთის სხვა პირისათვის მიყიდვით მიიღებდა.[27]
მიუხედავად იმისა, რომ ზიანის ანაზღაურება შესრულების ნაცვლად,[28] ყოველთვის პოზიტიურ ინტერესს ეხება, ეს ორი ცნება ერთმანეთის იდენტური არ არის. პოზიტიური ინტერესი მთელ რიგ შემთხვევებში მოიცავს ასევე შესრულებასთან ერთად ანაზღაურებად ზიანსაც.[29] მაგალითად, ნაკლოვანი შესრულებისას, როდესაც ნაკლი გამოსწორებადია, მიუღებელი სარგებელი, როგორც ზიანი, ექცევა პოზიტიური ინტერესის ცნების ქვეშ, თუმცა ამავდროულად წარმოადგენს შესრულებასთან ერთად მოსათხოვ ზიანს. ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის საფუძვლის მაგალითი, რომელიც პოზიტიურ ინტერესზე ვრცელდება, არის 79 II 1 მუხლი,[30] ხოლო ნეგატიურის – 113 II მუხლი. ასევე წინარე სახელშეკრულებო ურთიერთობიდან ზიანის ანაზღაურების ფარგლებშიც 394 I, 317 II, 316 II მუხლების მიხედვით მხოლოდ ნეგატიური ინტერესი კომპენსირდება.
III. ზიანის ანაზღაურების ფორმები
[Bearbeiten]1. ნატურით რესტიტუცია, 408 I
[Bearbeiten]408 I მუხლში დაფიქსირებული ზოგადი წესის თანახმად, ზიანის გამომწვევმა პირმა უნდა აღადგინოს ის თავდაპირველი მდგომარეობა, რომელიც ზიანის გამომწვევი მოვლენის გარეშე იარსებებდა. ამგვარად, მოცემული დანაწესი საკუთარ თავში აერთიანებს სრულად გამოსწორების პრინციპის გარდა (იხ. ზემოთ მე-4 ველი) ნატურით რესტიტუციის პრინციპსაც.[31] მის მიზანს წარმოადგენს დაზარალებულის ე. წ. შენარჩუნების (ინტეგრიტეტის) ინტერესის დაცვა.[32] შენარჩუნების ინტერესმა შეიძლება გადააჭარბოს ღირებულების ინტერესს, თუ, მაგალითად, დამტვრეული მანქანის აღდგენის ხარჯები მნიშვნელოვნად აჭარბებს მის ღირებულებას, ამ შემთხვევაშიც დაზარალებული არ არის ვალდებული მხოლოდ ღირებულების ანაზღაურებით დაკმაყოფილდეს. გამონაკლისს წარმოადგენს შემთხვევა, როდესაც პირვანდელი მდგომარეობის აღდგენა არათანაზომიერ ხარჯებს უკავშირდება (იხ. მუხ. 409 მე-6 და მომდევნო ველები).
თუ ნატურით რესტიტუცია ზიანის კომპენსაციისათვის არასაკმარისია, დაზარალებულს აქვს ფულადი კომპენსაციის მოთხოვნის უფლება 409-ე მუხლის მიხედვით. თუმცა ამის საპირწონედ, გამდიდრების აკრძალვის გამო (მე-5 ველი), მან უნდა დაუბრუნოს დამზიანებელს რესტიტუციის შედეგად წარმოშობილი ქონებრივი ნამატი.[33] მაგალითად, თუ დამზიანებელი ავტოავარიის შედეგად დაზიანებულ ძველ მოტორს ახლით ჩაანაცვლებს, დაზარალებულმა უნდა დაუბრუნოს მას ეს ზედმეტი ღირებულება.
კანონმდებელი დამზიანებელს უტოვებს არჩევნის თავისუფლებას იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ და ვისი მეშვეობით აღადგენს თავდაპირველ მდგომარეობას.[34] დაზარალებულს არ შეუძლია მანქანის რემონტის კონკრეტულ სახელოსნოში განხორციელების მოთხოვნა. შესაბამისი ცოდნისა და უნარის მქონე დამზიანებელს შეუძლია თავადვე გაარემონტოს მანქანა, ყოველგვარი დანახარჯის გარეშე. თუ დაზარალებული უარზეა, მაშინ უნდა გამოიყენოს ნატურით რესტიტუციის მაგივრად ფულადი ანაზღაურების მოთხოვნის უფლება (იხ. ქვემოთ მე-20 ველი).
ნატურით რესტიტუციის ზღვარს პირველადი მდგომარეობის აღდგენის შეუძლებლობა წარმოადგენს (409). რესტიტუცია შეუძლებელია, თუ დაზიანებამ ნივთის სრული განადგურება გამოიწვია. მიუხედავად ამისა, თუ გვაროვნულ ნივთს ეხება საქმე, იმავე გვარის ჩამნაცვლებელი საგნის მიწოდებაც ნატურით რესტიტუციად უნდა ჩაითვალოს.[35] გაბატონებული მოსაზრების[36] თანახმად, განადგურებული მეორადი ავტომობილის სანაცვლოდ იმავე მონაცემების სხვა მანქანის მიწოდებაც ნატურით რესტიტუციის ცნების ქვეშ ერთიანდება, რითიც მნიშვნელოვნად იზღუდება 409-ე მუხლის გამოყენების სფერო. რესტიტუციის ამ ორ ფორმას (რემონტი ან მსგავსით შეცვლა) შორის არჩევნის გაკეთებისას დაზარალებულმა ეკონომიკური მოსაზრებებით უნდა იხელმძღვანელოს.[37] მანქანის აღდგენა ეკონომიკურად არამომგებიანია, თუ ჩამნაცვლებელი მანქანის შოვნის ხარჯებს 30 %-ით აჭარბებს. ამ შემთხვევაში დაზარალებულის ნატურით რესტიტუციის მოთხოვნა მხოლოდ ამ უკანასკნელი ფორმით უნდა დაკმაყოფლდეს (იხ. დეტალურად მუხ. 409 მე-8 ველი).[38]
2. ფულადი ანაზღაურება ნატურით რესტიტუციის ნაცვლად, 408 I, III
[Bearbeiten]ა) ფულადი ანაზღაურება პირის და ნივთის დაზიანების შემთხვევაში
[Bearbeiten]მთელ რიგ შემთხვევებში დაზარალებულს უნდა ჰქონდეს უფლება დამზიანებლისაგან მოითხოვოს ფულადი ანაზღაურება ნატურით რესტიტუციის ნაცვლად, რათა ეს რესტიტუცია თავად განახორციელოს. სხეულისა და ჯანმრთელობის დაზიანების შემთხვევაში, რა თქმა უნდა, დამზიანებელმა პირადად არ უნდა ჩაუტაროს დაზარალებულს ოპერაცია, გინდ თავადაც შესაბამისი პროფილის ექიმი იყოს, არამედ მხოლოდ უნდა აუნაზღაუროს (პირადად მას, ან მის მზღვეველს) შესაბამისი ხარჯები. ავარიის შედეგად დაზიანებულმა არ უნდა გაატანოს თავისი მანქანა დამზიანებელს შესაკეთებლად, არამედ შეუძლია თავად შეაკეთოს და ამ უკანასკნელს მხოლოდ ანგარიში წარუდგინოს. ეს თავისთავად ცხადი დათქმა, რაც გერმანიაში სამოქალაქო კოდექსის 249 II პარაგრაფშია კონსტანტირებული,[39] საქართველოში, შესაბამისი დანაწესის არარსებობის გამო, შედარებით რთულად დასაბუთებადია, თუმცა გერმანიის დარად აქაც აუცილებელია მისი აღიარება. დაზარალებული არ უნდა იყოს ვალდებული მიანდოს რესტიტუციისათვის საკუთარი სიკეთე პირს, რომელმაც ის ცოტა ხნის წინ თავად ხელყო[40] და უნდა ჰქონდეს ნატურით რესტიტუციის ვალდებულების ფულადი ანაზღაურების მოთხოვნით ჩანაცვლების უფლებამოსილება (იხ. მუხ. 374 მე-7 ველი).[41] სხეულისა და ჯანმრთელობის დაზიანების შემთხვევაში ეს გადაწყვეტა უფრო მარტივი დასასაბუთებელია და საბოლოო ჯამში თავად კანონიდან გამომდინარეობს. საუბრობს რა 408 III 1 მუხლი მკურნალობის ხარჯების წინასწარ მოთხოვნაზე, ცალსახაა, რომ დაზარალებულს უნდა ჰქონდეს მკურნალობის ნაცვლად სწორედ მკურნალობის ხარჯების მოთხოვნა.[42] მოთხოვნის საფუძველს ამ შემთხვევაში თავად 408 I, III 1 მუხლი წარმოადგენს. მიუხედავად შესაბამისი ცალსახა ნორმატიული ხელმოსაჭიდის არარსებობისა, იგივე წესი უნდა გავრცელდეს ნივთის დაზიანების შემთხვევაზეც. აქაც დაზარალებულს უნდა შეეძლოს ნატურით რესტიტუციის ნაცვლად ამისათვის აუცილებელი ფულადი კომპენსაციის მოთხოვნა, 408 I, III 1 მუხლის ანალოგიით. ამგვარად, დამზიანებლის მიერ ზიანის ნატურით რესტიტუციის შეუზღუდავი პრიმატი მოქმედებს მხოლოდ მაშინ, როდესაც ეს რესტიტუცია ჯერ კიდევ შესაძლებელია (წინააღმდეგ შემთხვევაში 409-ე მუხლი) და საქმე არ ეხება არც პირისთვის და არც ნივთისათვის მიყენებული ზიანის კომპენსაციას (მაგ. ვალდებულებისაგან გათავისუფლება).[43] ზიანის ანაზღაურების (ნატურით რესტიტუციის ჩამნაცვლებელი) ფულადი კომპენსაციის ფორმით განხორციელების შემთხვევაშიც წინა პლანზე დგას შენარჩუნების (იხ. ზემოთ მე-16 ველი) და არა ღირებულების ანაზღაურების ინტერესი (შდრ. მუხ. 409 1-ლი ველი), რის გამოც კომპენსაციის გამოთვლისას გადამწყვეტია არა ნივთის რეალური ღირებულება, არამედ მისი აღდგენის ღირებულება.[44]
ბ) მიღებული ანაზღაურების განკარგვის თავისუფლება
[Bearbeiten]საკითხავია, რეალურად უნდა გამოიყენოს თუ არა დაზარალებულმა მიღებული ფულადი კომპენსაცია ზიანის აღმოფხვრისათვის. აქ მიჯნა უნდა გაივლოს ნივთისა და სხეულის (ჯანმრთელობის) დაზიანებას შორის. ნივთის დაზიანების შემთხვევაში დაზარალებულს შეუძლია თავად გადაწყვიტოს, თუ რაში მოიხმარს მიღებულ ფულად კომპენსაციას. მანქანის რემონტისათვის აუცილებელი თანხა დამზიანებელმა მაშინაც უნდა გადაიხადოს, როდესაც დაზარალებული საკუთარი ძალებით არემონეტებს მას, ან გადაწყვეტს დაზიანებული მანქანით გააგრძელოს სიარული.[45] სხეულისა და ჯანმრთელობის დაზიანების შემთხვევაში დაზიანება რეალურად უნდა გამოსწორდეს და ამგვარად დაზიანებულს არჩევნის თავისუფლება უკვე აღარ აქვს. დაზარალებული მოკლებულია არაქონებრივი ზიანიდან ფინანსური სარგებლის მიღების შესაძლებლობას (413 I), რისი გვერდის ავლაც მოხდებოდა იმ შემთხვევაში, თუ პირს ფიქტიური მკურნალობის ხარჯების წაყენება შეეძლებოდა დამზიანებლისათვის.[46]
IV. უფლებამოსილი პირი
[Bearbeiten]1. ზოგადი წესი და გამონაკლისი
[Bearbeiten]ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება, ჩვეულებრივ, აქვს მხოლოდ იმ პირს, რომლის კუთვნილი სამართლებრივი სიკეთეებიც ხელყო დამზიანებელმა. მესამე პირები, რომლებიც ნახულობენ ქონებრივ ზარალს უშუალოდ დაზიანებული პირის სიკეთეების ხელყოფით, ვერ მოსთხოვენ დამზიანებელს მის კომპენსაციას.[47] საწარმოს მუშაკის დაზიანებით გამოწვეული შრომისუუნარობის გამო არაპირდაპირი ზიანი ადგება ასევე, რა თქმა უნდა, მწარმოებელსაც, ისევე როგორც ალიმენტის გადახდაზე ვალდებული მამის სამსახურიდან გამოშვებით შვილს, თუმცა არც ერთს და არც მეორეს არ აქვს დამზიანებლისაგან ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება, თუ თავად კანონი არ ითვალისწინებს უშუალოდ დაზიანებულის მოთხოვნის უფლების გადასვლას გაშუალებულად დაზიანებულზე.
თუმცა ამ ზოგადი პრინციპიდან, რომლის მიხედვითაც არაპირდაპირად დაზარალებულს არ გააჩნია საკუთარი მოთხოვნის უფლება, დაიშვება ასევე გამონაკლისი. მაგალითად, დელიქტურ სამართალში 1006-ე მუხლის მიხედვით, დამზიანებელი არაპირდაპირად დაზარალებულ პირსაც უნაზღაურებს მარჩენალის გარდაცვალებით გამოწვეულ ზიანს, რომლის მოცულობაც განისაზღვრება გარდაცვალებულის რჩენის ვალდებულებისა და სარჩოს გადახდის ვალდებულების ხანგრძლივობის მიხედვით (1006 II 2).[48]
მიჯნის გავლება უშუალოდ და გაშუალებულად დაზიანებულს შორის დამოკიდებულია პირის სამართლებრივი სიკეთეების ხელყოფისა და არა კაუზალობის უშუალობაზე.[49] გაშუალებული მიზეზ-შედეგობრიობის (შდრ. მუხ. 412 მე-17 და მომდევნო ველი) შედეგად დაზიანებული პირიც შეიძლება იყოს უშუალოდ დაზიანებული. მაგალითად, ახლობლის გარდაცვალებით შოკის მიმღები პირი (იხ. მუხ. 412 მე-18 ველი) უშუალოდ დაზიანებულია და აქვს საკუთარი დელიქტური ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა. ის ფაქტი, რომ ფსიქიკური ზიანი ახლობელი პირის სიცოცხლის ხელყოფით და ამგვარად გაშუალებულად იყო გამოწვეული, უფლებამოსილი პირის განსაზღვრის კონტექსტში უმნიშვნელოა.
2. მესამე პირის ზიანის ლიკვიდაცია
[Bearbeiten]პრინციპი, რომ გაშუალებულად დაზიანებულ პირს ზიანის ანაზღაურების საკუთარი მოთხოვნის უფლება არ აქვს, არ უნდა იქნეს უკუგდებული არც იმგვარად, რომ უშუალოდ დაზარალებულს გაშუალებულად დაზარალებულისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება მიენიჭოს. დაზარალებულს შეუძლია დამზიანებლისაგან მხოლოდ პირადად მისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა. ავტოავარიის შედეგად დროებით შრომისუუნარო დასაქმებულს არ შეუძლია დამზიანებლისაგან იმ ზიანის მოთხოვნა, რაც მის დამსაქმებელს ამით მიადგა.[50]
თუმცა სახელშეკრულებო პასუხისმგებლობის ფარგლებში გამოყოფენ მთელ რიგ შემთხვევებს, როდესაც ზიანი, რომელიც დამზიანებლის კონტრაჰენტს უნდა მისდგომოდა სხვა პირთან რეალიზდება, რომელსაც თავის მხრივ არ აქვს ზიანის ანაზღაურების საკუთარი მოთხოვნის უფლება და თუ მოცემული შედეგი კორექციის გარეშე დარჩებოდა, ეს დამზიანებლის შემთხვევით და გაუმართლებელ პრივილეგირებას (პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლებას) გამოიწვევდა.[51] ამ შედეგის თავიდან ასაცილებლად გერმანული სამართლის დოქტრინამ შეიმუშავა ე. წ. მესამე პირის ზიანის ლიკვიდაციის სამართლებრივი ფიგურა, რომელიც გამოიყენება მაშინ, როდესაც პირს, რომელსაც ადგება ზიანი, არ აქვს მოთხოვნის უფლება, ხოლო მას ვისაც მოთხოვნის უფლება ექნებოდა ზიანი არ მისდგომია. ამ ინსტრუმენტის მეშვეობით ხდება ერთმანეთს აცდენილი ზიანისა და მოთხოვნის უფლების ერთ პირთან (დაზარალებულთან) თავმოყრა.
მოცემულ კონტექსტში პირველ რიგში მნიშვნელოვანია რისკის გადანაწილების ვალდებულებით-სამართლებრივი დანაწესები, მაგალითად, 482 II მუხლის შემთხვევა, როდესაც გამყიდველს შეიძლება ჰქონდეს მესამე პირის (დამზიანებლის) მიმართ ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა ისე, რომ რეალურად არ მიადგეს ზიანი.[52] არაპირდაპირ წარმომადგენელსაც, რომელიც საკუთარი სახელით მაგრამ სხვისი ანგარიშით დადებული ნასყიდობის ფარგლებში იღებს ნაკლოვან შესრულებას, ამით არ ადგება პირადი ზიანი, თუმცა მას შეუძლია მოვალეს მოსთხოვოს მთლიანი ზიანისა და მათ შორის იმ მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურებას, რომელსაც მისი მარწმუნებელი მიიღება ამ ნივთის გადაყიდვით.[53]
V. სარჩოს მოთხოვნის უფლება, 408 II
[Bearbeiten]408 II მუხლის მიხედვით დაზარალებულისათვის სხეულის ან ჯანმრთელობის დაზიანებით გამოწვეული შრომისუუნარობის ან ამ უნარის შემცირების, ასევე გაზრდილი მოთხოვნილებების შემთხვევაში, დამზიანებელი ვალდებულია სარჩოს გადახდით აუნაზღაუროს მას ეს ზიანი. ეს დანაწესი ითვალისწინებს სპეციალურ ფორმას ზოგადად უკვე 408 I, 409, 411 მუხლებით მოცული ზიანის ანაზღაურებისათვის.[54]
1. შრომის უნარის სემცირება ან დაკარგვა
[Bearbeiten]შრომისუნარიანობის შემცირება ან დაკარგვა არ განისაზღვრება აბსტრაქტულად, დაზიანების ხარისხის შესაბამისად, არამედ, კონკრეტულად, რეალური შემოსავლის დაკარგვის მიხედვით.[55] თუ დაზიანების გამო დაზარალებული ვეღარ ახერხებს შემოსავლის მომტანი საქმიანობის გაგრძელებას, ზიანის, ანუ სარჩოს ოდენობის გამოთვლისათვის გადამწყვეტია, თუ რამდენად შეუძლია მას გამოიყენოს შერჩენილი შრომის უნარი[56] (შდრ. ამასთან დაკავშირებით ასევე მუხ. 415 მე-19 ველი). ანაზღაურებადია ასევე მთელი ის ზიანი, რაც დაზარალებულს ადგება, შრომისუნარიანობის ნაწილობრივ შენარჩუნების ან აღდგენის მიუხედავად, ახალი სამუშაოს პოვნის შეუძლებლობით.[57] თვითდასაქმებულისა და დაქირავებული მუშაკის მოქმედებს ვარაუდი, რომ დაზიანების გარეშე ის განაგრძობდა მუშაობას და მიიღებდა შესაბამის ხელფასს.[58] მოცემული შემოსავლის გამოთვლის ხერხთან დაკავშირებით იხ. მუხ. 411 მე-12 და მომდევნო ველები. ამ უკანასკნელ შემთხვევაში დამატებით მოქმედებს საქართველოს მთავრობის 2013 წლის 1 მარტი № 45 დადგენილება.
კონკრეტული შემოსავლის მომტანი საქმიანობის არარსებობის შემთხვევაში (მაგ. ბავშვის დაზიანება), დასაშვებია აღიარებითი სარჩელი, სამომავლო საქმიანობიდან მიღებული სავარაუდო შემოსავლის დადგენის მოთხოვნით,[59] რომლის პროგნოზსაც საფუძვლად უნდა დაედოს კონკრეტული შემთხვევის ყველა არსებითი გარემოება.[60] დასაშვებია თავდაპირველად განსაზღვრული სარჩოს გაზრდის მოთხოვნით სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა.[61] უმუშევარი პირის შემთხვევაში შრომის უნარის შეზღუდვით გამოწვეული ზიანი განისაზღვრება იმისდა მიხედვით, თუ რამდენად სავარაუდო იყო მის მიერ დაზიანების გარეშე ახალი სამუშაოს პოვნა.[62] სარჩოს გადახდით ანაზღაურებად ზიანს წარმოადგენს ასევე საოჯახო საქმიანობით დაკავებული მეუღლის შრომისუნარიანობის შეზღუდვა.[63] ეს წესი მოქმედება არა მხოლოდ მეუღლის და სხვა ოჯახის წევრთა რჩენის ფარგლებში განხორციელებული, არამედ ზოგადად საოჯახო მეურნეობის ფარგლებში ნებისმიერი ტიპის საქმიანობისათვის.[64] სარჩოს ოდენობის განსაზღვრისათვის გადამწყვეტია გაწეული საქმიანობის რეალური ღირებულება – ოთხკაციანი ოჯახის დიასახლისის შემთხვევაში საორიენტაციოდ 48 საათიანი სამუშაო კვირა გამოიყენება, ხოლო ორი სკოლის ასაკს მიუღწეველი ბავშვის შემთხვევაში კი 60 საათიანი.[65]
ზიანის შემცირების ვალდებულებასთან დაკავშირებით, მაგალითად, გადაკვალიფიცირების მეშვეობით, შდრ. მუხ. 415 მე-19 ველი.
2. მოთხოვნილებათა გაზრდა
[Bearbeiten]სხეულის ან ჯანმრთელობის დაზიანებამ შესაძლებელია განაპირობოს დაზარალებულის მოთხოვნილებათა გაზრდა ჯანმრთელ ადამიანთან შედარებით, რისი აღმოფხვრაც უნდა მოხდეს სარჩოს გადახდის გზით 408 II მუხლის შესაბამისად. ამ შემთხვევაში აუცილებელია სახეზე იყოს დაზიანებით გამოწვეული, ხანგრძლივი და რეგულარული ხასიათის მქონე დანახარჯები, რამაც უნდა გამოასწოროს უნარშეზღუდულობით გამოწვეული ზიანი.[66] დანახარჯები უნდა განისაზღვროს დაზიანებამდე არსებული ცხოვრების დონის შენარჩუნებისათვის აუცილებელი ხარჯების მიხედვით.[67] გადამწყვეტია, გაიღებდა, თუ არა გონიერი დაზარალებული მის მიერ არჩეული ცხოვრების წესის გაგრძელებისათვის ამ ხარჯებს.[68]
3. სარჩოს გადახდა
[Bearbeiten]სარჩოს გადახდა უნდა მოხდეს ყოველთვიური ფულადი სარგებლის სახით. სარჩოს გადახდის ვალდებულება 408 II მუხლის მიხედვით არ წარმოადგენს რჩენის მოვალეობას საოჯახო სამართლის მიხედვით და მასზე არ ვრცელდება შესაბამისი დანაწესები. მოთხოვნის ოდენობისა და ხანგრძლივობის განსაზღვრისათვის გადამწყვეტია დაზიანების მომენტში არსებული გარემოებები.[69] თუ უკანასკნელი ზეპირი სხდომისათვის მოვლენათა განვითარების პროგნოზის გაკეთება შესაძლებელია, ზოგადად ან ამ კონკრეტულ შემთხვევაში, მაშინ ისიც გავლენას ახდენს მოთხოვნის ოდენობის განსაზღვრაზე.[70] დასაშვებია ასევე საშუალო სარჩოს მინიჭება, თუ დაზარალებულის ეკონომიკური მდგომარეობის ან შემოსავალთან დაკავშირებით არასაკმარისი ინფორმაციის არარსებობის გამო შეუძლებელია ზუსტი პროგნოზის გაკეთება.[71]
მოთხოვნა წარმოიშვება შემოსავლის დაკარგვის ან მოთხოვნილებათა გაზრდის მომენტიდან.[72] სარჩოს ხანგრძლივობა შემოსავლის დაკარგვის გამო განისაზღვრება ამ შემოსავლის მომტანი საქმიანობის ხანგრძლივობისდა მიხედვით.[73] ჩვეულებრივ, დაქირავებული მუშაკის შემთხვევაში მისი გადახდის ვალდებულება სრულდება საპენსიო ასაკის მიღწევასთან ერთად.[74] მიუხედავად ამისა, ამ დროს გადამწყვეტია არა მყარი ზღვარი – საპენსიო ასაკის მიღწევა, არამედ კონკრეტული შემთხვევის თავისებურებების გათვალისწინებით პროგნოზი იმისა, თუ რამდენად გააგრძელებდა დაზარალებული ამ ასაკის მიღწევის შემდეგაც შემოსავლის მომტან საქმიანობას.[75] აქვე გასათვალისწინებელია ის გარემოება, თუ როგორ აისახა შრომის უნარის დაკარგვა სამომავლო პენსიის ოდენობაზე, რისი კომპენსირებაც სარჩოს გადახდის ვალდებულების (შესაძლებელია სამუდამოდაც) გახანგრძლივებით უნდა მოხდეს. მოთხოვნილებათა გაზრდის შემთხვევაში სარჩო, ჩვეულებრივ, მუდმივად არის გადასახდელი, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც შესაძლებელია ამ მოთხოვნილებათა შემცირების მომენტის წინასწარგანჭვრეტა.[76]
408 III 1, 2 მუხლის მიხედვით დაზარალებულს შეუძლია მკურნალობისა[77] და პროფესიული გადამზადების ხარჯების წინასწარ მოთხოვნა.[78] ეს არ ვრცელდება 408 II მუხლის მიხედვით გადასახდელ სარჩოზე, რომლის მოთხოვნაც თვის ბოლოს უნდა მოხდეს.
VI. კომპენსაცია სარჩოს სანაცვლოდ, 408 IV
[Bearbeiten]408 II მუხლის მიხედვით სარჩოს მოთხოვნის უფლების მქონე დაზარალებულს უფლება აქვს მის მაგივრად მოითხოვოს ერთჯერადი ფულადი კომპენსაცია მნიშვნელოვანი საფუძვლის არსებობის შემთხვევაში (408 IV). ამის საპირისპიროდ დამზიანებელს არ აქვს უფლება კომპენსაციის შეთავაზებით გათავისუფლდეს სარჩოს რეგულარულად გადახდის ვალდებულებისაგან.[79] მნიშვნელოვანი საფუძველი სახეზეა იმ შემთხვევაში, როდესაც კომპენსაციას დროში გაწელილ სარჩოსთან შედარებით უკეთესი ზეგავლენა ექნება დაზარალებულის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე.[80] მაგალითად, დაზარალებულს ნერვული აშლილობის გამო აღარ შეიძლება მოეთხოვოს მოგვიანებით რეგულარულად ჩაიტაროს გამოკვლევები ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესების დადგენის მიზნით, რის გარეშეც შეუძლებელია პენსიის დანიშვნა, ხოლო კომპენსაცია ამის საპირისპიროდ დავის სამუდამოდ გადაწყვეტის შესაძლებლობას იძლევა.[81] გარდა ამისა, ერთიანი კომპენსაციის გადახდამ შესაძლებელია დაზარალებულს დამოუკიდებელი (სამეწარმეო) საქმიანობის წამოწყების შესაძლებლობა მისცეს.[82]
დასაშვებია სარჩოს გადახდისა და ერთჯერადი კომპენსაციის კომბინაცია დროის სხვადასხვა მონაკვეთებისათვის, მათ შორის უკვე მრავალი წლის განმავლობაში გადახდილი სარჩოს შემთხვევაშიც.[83] კომპენსაციის ოდენობის გამოთვლა ხდება სარჩოს გადახდის ხანგრძლიობისა და მისი ოდენობის მიხედვით. ამგვარად, კომპენსაცია ტოლფასი უნდა იყოს ყოველთვიურად გადასახდელი სარჩოსა და მისგან მიღებული პროცენტების საერთო ოდენობის.[84]
- ↑ იხ. 408-ე და მომდევნო მუხლებთან დაკავშირებით ზოიძე, სკ-ის კომენტარი, წიგნი III, გვ. 451 და შემდგომნი; ცერცვაძე, წიგნში: ძლიერიშვილი/ცერცვაძე/რობაქიძე/სვანაძე/ცერცვაძე/ჯანაშია, სახელშეკრულებო სამართალი, 2014, გვ. 645 და შემდგომნი; კვანტალიანი, მიზეზობრივი კავშირის დადგენის პრობლემები სამედიცინო მუშაკის მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და პაციენტისათვის მიყენებულ ზიანს შორის, მართლმსაჯულება და კანონი, № 2(33)/2012, გვ. 5 და შემდგომნი; გერმანიის ფედერალური სასამართლოების მიერ მორალური ზიანის ანაზღაურებასთან დაკავშირებით მიღებული განსაკუთრებული გადაწყვეტილებების რეზიუმეთა ერთობლიობა, იხ. ბმულზე: http://library.court.ge/index.php?id=2669 (8.3.2017); ბიჭია, არაქონებრივი ზიანის ანაზღაურების რამდენიმე ასპექტი, მართლმსაჯულება და კანონი, № 3(51)/2016, გვ. 98 და შემდგომნი; ბიჭია, დაზარალებულის გარდაცვალებისას ზიანის ანაზღაურების პრობლემა, ჟურნალში: „სამართალი და მსოფლიო“, № 4/2016, გვ. 46 და შემდგომნი; ძლიერიშვილი, მომეტებული საფრთხის წყაროთი მიყენებული ზიანის ანაზრაურება სსკ-ის 999-ე მუხლის მაგალითზე, ჟურნალში: „ადვოკატი“. № 2/2013, გვ. 30 და შემდგომნი; ძლიერიშვილი, სატრანსპორტო საშუალების ექსპლოატაციის შედეგად დამდგარი ზიანის ანაზღაურება, სასამართლო პრაქტიკის კომენტარი, ჟურნალში: „სტუდენტური სამართლებრივი ჟურნალი“, 2012, გვ. 94 და შემდგომნი; მესხიშვილი, მართლსაწინააღმდეგო ქმედებით მიყენებული ზიანის ანაზღაურების თაობაზე წარდგენილი სარჩელების სასამართლოს წესით განხილვის ზოგიერთი თავისებურების პრაქტიკული ანალიზი, ჟურნალში: „სტუდენტური სამართლებრივი ჟურნალი“, 2012, გვ. 94 და შემდგომნი; ბარაბაძე, მორალური ზიანის ანაზღაურებაზე უფლებამოსილი პირები, ჟურნალში: „ადამიანი და კონსტიტუცია“, № 2/2006, გვ. 101 და შემდგომნი; თოდუა/ვილემსი, ვალდებულებითი სამართალი, გვ. 129 და შემდგომნი; ბათლიძე, ბრალეული ქმედებით გამოწვეული პასუხისმგებლობა დელიქტურ სამართალში, ჟურნალში: „ქართული ბიზნეს სამართლის მიმოხილვა“, № 4/2015, გვ. 35 და შემდგომნი.
- ↑ საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2016 წლის 1 ივლისის № ას-167-163-2016 გადაწყვეტილება (58); საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2011 წლის 6 იანვრის № ას-987-928-2010 გადაწყვეტილება; 2011 წლის 24 იანვრის № ას-1076-1008-2010 განჩინება; ცერცვაძე, წიგნში: ძლიერიშვილი/ცერცვაძე/რობაქიძე/ სვანაძე/ცერცვაძე/ჯანაშია, სახელშეკრულებო სამართალი, 2014, გვ. 645.
- ↑ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 5 აგვისტოს № 2/ბ-614 განჩინება (4.17.).
- ↑ Looschelders, Schuldrecht AT, 9. Aufl., 2011, S. 299.
- ↑ BGHZ 18, 155.
- ↑ Looschelders, Schuldrecht AT, 9. Aufl., 2011, S. 299.
- ↑ საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2016 წლის 1 ივლისის № ას-167-163-2016 გადაწყვეტილება (58); 2015 წლის 7 ოქტომბრის № 459-438-2015 გადაწყვეტილება (8.13).
- ↑ Harke, Allgemeines Schuldrecht, 2010, S. 290; საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2016 წლის 1 ივლისის № ას-167-163-2016 გადაწყვეტილება (58); 2015 წლის 7 ოქტომბრის № 459-438-2015 გადაწყვეტილება (8.13); კვანტალიანი, მიზეზობრივი კავშირის დადგენის პრობლემები სამედიცინო მუშაკის მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და პაციენტისათვის მიყენებულ ზიანს შორის, მართლმსაჯულება და კანონი, № 2(33)/2012, გვ. 6.
- ↑ Looschelders, Schuldrecht AT, 9. Aufl., 2011, S. 299.
- ↑ საქართველოს უზენაესი სასამართლო 2015 წლის 7 ოქტომბრის № 459-438-2015 გადაწყვეტილება (8.13); 2011 წლის 24 ოქტომბრის № ას-307-291-2011 გადაწყვეტილება; 2002 წლის 18 იანვრის № 3კ/1184-01 განჩინება – ნაჭყებია, სამოქალაქოსამართლებრივი ნორმების განმარტებები უზენაესი სასამართლოს პრაქტიკაში, 2014, გვ. 158 და შემდგომნი; ძლიერიშვილი, მომეტებული საფრთხის წყაროთი მიყენებული ზიანის ანაზრაურება სსკ-ის 999-ე მუხლის მაგალითზე, ჟურნალში: „ადვოკატი“. № 2/2013, გვ. 32; ძლიერიშვილი, სატრანსპორტო საშუალების ექსპლოატაციის შედეგად დამდგარი ზიანის ანაზღაურება, სასამართლო პრაქტიკის კომენტარი, ჟურნალში: „სტუდენტური სამართლებრივი ჟურნალი“, 2012, გვ. 110.
- ↑ საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2012 წლის 17 თებერვლის № ას-663-624-2011 განჩინება; 2012 წლის 5 სექტემბრის № ას-581-549-2011 გადაწყვეტილება; იხ. ამასთან დაკავშირებით ამირანაშვილი, ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა მესამე პირისაგან, ჟურნალში: „მართლმსაჯულება და კნონი“, № 1(40)/2014, გვ. 91.
- ↑ Flume, in Beck OK BGB, 41. Aufl., 2016, § 249, Rn. 13.
- ↑ Looschelders, Schuldrecht AT, 9. Aufl., 2011, 301.
- ↑ საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2007 წლის 10 ოქტომბრის № ას-342-694-07 განჩინება; ძლიერიშვილი, მომეტებული საფრთხის წყაროთი მიყენებული ზიანის ანაზრაურება სსკ-ის 999-ე მუხლის მაგალითზე, ჟურნალში: „ადვოკატი“. № 2/2013, გვ. 31 და შემდგომნი; რუსიაშვილი/ეგნატაშვილი, კაზუსები კანონისმიერ ვალდებულებით სამართალში, 2016, გვ. 237.
- ↑ Looschelders, Schuldrecht AT, 9. Aufl., 2011, S. 301.
- ↑ Grüneberg, in Palandt BGB Komm., 73. Aufl., 2014, Vorbem. § 249, Rn. 4.
- ↑ Looschelders, Schuldrecht AT, 9. Aufl., 2011, S. 302.
- ↑ Grüneberg, in Palandt BGB Komm., 73. Aufl., 2014, Vorbem. § 249, Rn. 10; საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2016 წლის 1 ივლისის № ას-167-163-2016 გადაწყვეტილება (58); 2016 წლის 10 ივნისის № ას-301-286-2016 (24); 2015 წლის 18 დეკემბრის № ას-999-943-2015 (27); 2015 წლის 7 ოქტომბრის № 459-438-2015 გადაწყვეტილება (8.13).
- ↑ MüKo/Oetker, BGB, 7. Aufl., 2016, § 249 Rn. 18.
- ↑ MüKo/Oetker, BGB, 7. Aufl., 2016, § 249 Rn. 9.
- ↑ Lange/Schiemann, Schadensersatz, 3. Aufl. 2003, § 2 I 2.
- ↑ BGHZ 92, 85.
- ↑ Larenz, Lehrbuch des Schuldrechts, Band 1, AT, 1976, § 29 IIa, იხ. 413-ე მუხლის კომენტ., ველი 7.
- ↑ Looschelders, Schuldrecht AT, 9. Aufl., 2011, S. 303.
- ↑ Looschelders, Schuldrecht AT, 9. Aufl., 2011, S. 304.
- ↑ საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2016 წლის 1 ივლისის № ას-167-163-2016 გადაწყვეტილება.
- ↑ თუ მყიდველმა ფასის გადახდის ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეული ზიანის ანაზღაურებისას გამყიდველი უნდა ჩააყენოს ისეთ მდგომარეობაში, ეს გულისხმობს მასთან დადებული ნასყიდობის ფასის გადაუხდელობით გამოწვეული ქონებრივი დანაკლისის აღმოფხვრას და არა ჰიპოთეტურად სხვასთან დადებული და შესრულებული უფრო სარფიანი გარიგებით მიღებული სარგებლის მინიჭებას. ამის საპირისპიროდ უზენაესი სასამართლო თავის სხვა განჩინებაში (2016 წლის 25 მარტის № ას-374-355-2015 განჩინება (77)) 411, სწორად ავლებს მიჯნას ანაზღაურებად პოზიტიურ ზიანსა და არაანაზღაურებად ნეგატიურ ზიანს შორის.
- ↑ შდრ. ამასთან დაკავშირებით 494-ე მუხლის კომენტ., მე-7 და მომდევნო ველები.
- ↑ Looschelders, Schuldrecht AT, 9. Aufl., 2011, S. 304.
- ↑ იხ. რუსიაშვილი, კაზუსები სამოქალაქო სამართლის ზოგად ნაწილში, 2015, გვ. 191.
- ↑ საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2016 წლის 1 ივლისის № ას-167-163-2016 გადაწყვეტილება (58); ზოიძე, სკ-ის კომენტარი, წიგნი III, 2001, მუხ. 408, გვ. 452; ძლიერიშვილი, მომეტებული საფრთხის წყაროთი მიყენებული ზიანის ანაზღაურება სსკ-ის 999-ე მუხლის მაგალითზე, ჟურნალში: „ადვოკატი“ № 2/2013, გვ. 32; მესხიშვილი, მართლსაწინააღმდეგო ქმედებით მიყენებული ზიანის ანაზღაურების თაობაზე წარდგენილი სარჩელების სასამართლოს წესით განხილვის ზოგიერთი თავისებურების პრაქტიკული ანალიზი, ჟურნალში: „სტუდენტური სამართლებრივი ჟურნალი“, 2012, გვ. 99.
- ↑ Looschelders, Schuldrecht AT, 9. Aufl., 2011, S. 324.
- ↑ MüKo/Oetker, BGB, 7. Aufl., 2016, § 249 Rn. 348; თუმცა შდრ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2014 წლის 20 ოქტომბრის № ას-698-668-2014 განჩინება.
- ↑ MüKo/Oetker, BGB, 7. Aufl., 2016, § 249 Rn. 332.
- ↑ BGHZ 154, 397.
- ↑ BGHZ 115, 364; BGHZ 143, 193; საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2015 წლის 30 ნოემბრის № ას-1319-1257-2014 გადაწყვეტილება (35); 2008 წლის 22 აპრილის № ას-802-112-207 განჩინება; თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2014 წლის 30 ოქტომბრის № 2ბ/3883–14 გადაწყვეტილება (4.7.).
- ↑ BGHZ 154, 397; BGH NJW 2009, 3713.
- ↑ Looschelders, Schuldrecht AT, 9. Aufl., 2011, S. 326.
- ↑ გსკ-ის 249 II პარაგრაფი: „თუ ანაზღაურებას ექვემდებარება პირის ან ნივთის მიმართ მიყენებული ზიანი, მაშინ კრედიტორს შეუძლია თავდაპირველი მდგომარეობის აღდგენის ნაცვლად მოითხოვოს ფულადი თანხის გადახდა.“
- ↑ BGHZ 63, 184; BGH NJW 2010, 607; იხ. ასევე ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 5 აგვისტოს № 2/ბ-614 განჩინება (4.17.): ფეხის დაკარგვის შემთხვევაში პროთეზის მორგებისას (რაც ნატურით რესტიტუციად უნდა აღვიქვათ) დაზარალებულს შეუძლია თავად აირჩიოს, თუ რომელი (ქვეყნის) სამედიცინო კლინიკის მომსახურებით ისარგებლებს. აქ გადამწყვეტია არა ეკონომიურობის კრიტერიუმი, არამედ ის გარემოება ანიჭებს თუ არა დაზარალებულს ძვირადღირებული კლინიკის მომსახურება რაიმე დამატებით სარგებელს (საიმედოობას), რისთვისაც ზღვრის დადება მხოლოდ 415-ე მუხლის მიხედვით შეიძლება მოხდეს (იხ. მუხ. 415 მე-18 ველი).
- ↑ MüKo/Oetker, BGB, 7. Aufl., 2016, § 249 Rn. Rn. 357; შდრ. ასევე ზოიძე, სკ-ის კომენტარი, წიგნი III, 2001, მუხ. 408, გვ. 452.
- ↑ რუსიაშვილი/ეგნატაშვილი, კაზუსები კანონისმიერ ვალდებულებით სამართალში, 2016, გვ. 216.
- ↑ BGH NJW 1999, 1542.
- ↑ Looschelders, Schuldrecht AT, 9. Aufl., 2011, S. 325.
- ↑ BGHZ 61, 58; BGHZ 66, 241.
- ↑ BGHZ 97, 14: ავტოსაგზაოს შემთხვევისას დაზარალებულმა სასამართლოზე მოითხოვა (ოპერაციის შედეგად დარჩენილი) ნაიარევების კორექციის ხარჯები, თუმცა აღიარა, რომ კორექცია ჯერ არ ჰქონდა გაკეთებული და ჭოჭმანობდა სათუო შედეგიდან გამომდინარე. სასამართლომ მისი მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.
- ↑ Looschelders, Schuldrecht AT, 9. Aufl., 2011, S. 320.
- ↑ BGHZ 7, 36; საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2016 წლის 22 იანვრის № ას-789-746-2015 გადაწყვეტილება (35).
- ↑ Looschelders, Schuldrecht AT, 9. Aufl., 2011, S. 321.
- ↑ Looschelders, Schuldrecht AT, 9. Aufl., 2011, S. 321.
- ↑ BGHZ 40, 100.
- ↑ OLG Köln NJW-RR 1989, 1457: ა შეუკვეთავს სხვა ქალაქში მცხოვრებ ხელოვნების ნიმუშებით მოვაჭრე ბ-ს ორ ცალ კოლაჟს საკუთარი ოფისისათვის. ბ რომელმაც მიტანის ვალდებულება მხოლოდ ა-ს მოთხოვნის საფუძველზე იკისრა ნასყიდობის საგნის ტრანსპორტირებას ავალებს თავის სიძეს გ-ს, რომელიც გამყიდველისკენ გზაზე ბრალეულად გაანადგურებს ჩაბარებულ ნივთებს. მოცემულ შემთხვევაში ბ-ს შეიძლება ჰქონოდა გ-საგან როგორც უსასყიდლო დავალების დარღვევის გამო (394 I), ასევე დელიქტური წესით (992) ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა, თუმცა ამის საწინააღმდეგოდ მეტყველებს ის გარემოება, რომ მას არანაირი ზიანი არ მისდგომია. მყიდველი ნივთის განადგურების შემდეგაც ვალდებულია გადაუხადოს გამყიდველს ნასყიდობის ფასი (482 II). ა-ს კი, რომელსაც რეალური ზიანი მიადგა, გ-ს მიმართ არანაირი მოთხოვნის უფლება არ აქვს. ამ უსამართლო შედეგის თავიდან ასაცილებლად ბ-ს ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება გ-ს მიმართ ა-ზე უნდა გადავიდეს.
- ↑ Larenz, Lehrbuch des Schuldrechts, Band 1, AT, 1976, § 27 IVb (3); MüKo/Oetker, BGB, 7. Aufl., 2016, § 249 Rn. 286.
- ↑ საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2016 წლის 22 იანვრის № ას-789-746-2015 გადაწყვეტილება (33-35).
- ↑ BGH NJW 1970, 1411; BGH NJW-RR 1991, 470; თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 4 ივლისის № 2ბ/1708-11 გადაწყვეტილება (4.5.); თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 30 ნოემბრის №2ბ/2763-15 გადაწყვეტილება (2.5.); თუმცა შდრ. სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 10 ივლისის №2ბ/679-12 გადაწყვეტილება (4.2.), სადაც სასამართლო არ ასხვავებს პროფესიული და ზოგადად შრომის უნარის დაკარგვას შორის, რაც არასწორი ჩანს. სარჩოს ოდენობა გამოითვლება დაზარალებულის კონკრეტული საქმიანობის მიხედვით. გამართლებული იქნებოდა ამ შემთხვევაში სასამართლოს აქცენტი გაეკეთებინა არა ზოგადად შრომის უნარის დაკარგვაზე, არამედ იმ ფაქტზე, რომ დაზარალებული დაკავებული იყო კონკრეტული მოგების მომტანი საქმიანობის დარი საქმით – საოჯახო მეურნეობის გაძღოლით, თუმცა საბოლოო ჯამში სასამართლოც ამ მიმართულებით ავითარებს მსჯელობას.
- ↑ Spindler, in Beck OK BGB, 41. Aufl., 2016, § 843 Rn. 8; თუმცა შდრ. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 4 ივლისის № 2ბ/1708-11 გადაწყვეტილება (2.3., 2.6.), სადაც სასამართლო შრომის უნარის 80%-ის დაკარგვის პროპორციულად ანგარიშობს სარჩოს რაოდენობას ისე, რომ არ მსჯელობს, საერთოდ შესძლებს თუ არა დაზარალებული შერჩენილი 20%-ით რაიმე სხვა სამუშაოს პოვნას.
- ↑ BGH NJW 1991, 1413.
- ↑ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 3 ივლისის № 2ბ/2584-13 განჩინება (4.5.).
- ↑ BGH NJW 1952, 539; OLG Köln VersR 1988, 1185; თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 30 ნოემბრის №2ბ/2763-15 გადაწყვეტილება (4.2.); თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 4 ივლისის № 2ბ/1708-11 გადაწყვეტილება (4.5.): გასული პერიოდისათვის სასამართლო დამზიანებელს აკისრებს ერთჯერად ფულად კომპენსაციას.
- ↑ Spindler, in Beck OK BGB, 41. Aufl., 2016, § 843, Rn. 12; გასათვალისწინებელია ასევე ხელფასის მატების სხვადასხვა ფაქტორებით განპირობებული დინამიკა, შდრ. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 4 ივლისის № 2ბ/1708-11 გადაწყვეტილება (2.3.); თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 30 ნოემბრის №2ბ/2763-15 გადაწყვეტილება (4.2.); თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 3 ივლისის № 2ბ/2584-13 განჩინება (4.5.); ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 5 აგვისტოს № 2/ბ-614 განჩინება (4.16.), სასამართლო ამ უკანასკნელ შემთხვევაში არ ითვალისწინებს დამატებით სარგებელს, რასაც დასაქმებული იღებდა შრომითი საქმიანობიდან (მაგ. პრემია, ანაზღაურება ზეგანაკვეთური სამუშაოსათვის), რაც მხოლოდ იმ შემთხვევაშია გასაზიარებელი, თუ ის არარეგულარულ ხასიათს ატარებდა, ან უშუალოდ მავნე შრომით პირობებს უკავშირდებოდა (მაგ. რძის ულუფა ქარხნის მუშის შემთხვევაში); შდრ. ასევე საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2016 წლის 22 იანვრის № ას-789-746-2015 გადაწყვეტილება (36).
- ↑ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 4 ივლისის № 2ბ/1708-11 გადაწყვეტილება (4.5.).ვვვ
- ↑ BGH NJW 1991, 2422; თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 10 ივლისის №2ბ/679-12 გადაწყვეტილება (4.2.).
- ↑ BGH NJW 1968, 1823; BGH NJW 1962, 2248; თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 10 ივლისის №2ბ/679-12 გადაწყვეტილება (4.1.).
- ↑ Spindler, in Beck OK BGB, 41. Aufl., 2016, § 843, Rn. 17.
- ↑ BGH NJW 1982, 2866; BGH NJW 1979, 1502.
- ↑ BGH NJW 1982, 757; RGZ 151, 301.
- ↑ Spindler, in Beck OK BGB, 41. Aufl., 2016, § 843 Rn. 23.
- ↑ ასევე საერთოდ გააგრძელებდა თუ არა ამ ტიპის ცხოვრების წესს და დასაცავია თუ არა მისი ეს ინტერესი. მაგალითად, გერმანულმა სასამართლომ (BGH NJW-RR 2004, 671) ანაზღაურებადად არ მიიჩნია ხერხემლის ტრავმის გამო პარალიზებული პირის მიერ მოტოციკლეტის მისი მოთხოვნილებების შესაბამისად გადაკეთების ხარჯები.
- ↑ Sprau, in Palandt BGB Komm., 73. Aufl., 2014, § 843, Rn. 4; თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 4 ივლისის № 2ბ/1708-11 გადაწყვეტილება (4.5.).
- ↑ Sprau, in Palandt BGB Komm., 73. Aufl., 2014, § 843, Rn. 4.
- ↑ RG JW 1935, 2949.
- ↑ Spindler, in Beck OK BGB, 41. Aufl., 2016, § 843, Rn. 27.
- ↑ BGH NJW 1995, 3313; მისი ანაზღაურების შეწყვეტის ან ნაწილობრივ შეწყვეტის საფუძველი მხოლოდ პირის შრომის უნარის აღდგენა შეიძლება გახდეს; თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 4 ივლისის № 2ბ/1708-11 გადაწყვეტილება (4.5.), თუმცა სასამართლო ამ შემთხვევაში ყოველგვარი ყურადღების მიღმა ტოვებს იმ გარემოებას, რომ საპენსიო ასაკის მიღწევის შემდეგ პირს მხოლოდ გამონაკლის შემთხვევაში აქვს შემოსავლის მომტანი საქმიანობის გაგრძელების შესაძლებლობა, რაც ასევე არასწორია.
- ↑ BGH NJW-RR 1995, 1272; საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2016 წლის 22 იანვრის № ას-789-746-2015 გადაწყვეტილება (34).
- ↑ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 4 ივლისის № 2ბ/1708-11 გადაწყვეტილება (4.5.).
- ↑ Spindler, in Beck OK BGB, 41. Aufl., 2016, § 843, Rn. 28.
- ↑ თუმცა ამის წინაპირობაა, რომ საქმე ეხებოდეს არა მხოლოდ სავარაუდო, არამედ მკურნალობის მყარად დადგენილ ხარჯებს (თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 10 ივლისის №2ბ/679-12 გადაწყვეტილება (4.1.)). რა თქმა უნდა, აქ არ იგულისხმება წარუმატებელი ოპერაციის რისკი და მსგავსი შემთხვევები.
- ↑ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 10 ივლისის №2ბ/679-12 გადაწყვეტილება (4.1.); საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2012 წლის 20 სექტემბრის № ას-457-433-2012 გადაწყვეტილება.
- ↑ Spindler, in Beck OK BGB, 41. Aufl., 2016, § 843, Rn. 32.
- ↑ თუმცა შდრ. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 10 ივლისის №2ბ/679-12 გადაწყვეტილება (4.2.), სადაც სასამართლომ ყოველგვარი შემდგომი დასაბუთების გარეშე შეცვალა სარჩო კომპენსაციის მოთხოვნის უფლებით. სავარაუდოდ სასამართლომ აქ იხელმძღვანელა იმ მოსაზრებით, რომ დაზარალებულსა და დამზიანებელს შორის მომხდა ინციდენტის შემდეგ მათ აღარ შეიძლება მოეთხოვოთ ერთმანეთთან შემდგომი (რჩენის) ურთიერთობის გაგრძელება.
- ↑ RG JW 1932, 3720; RGZ 73, 419.
- ↑ Sprau, in Palandt BGB Komm., 73. Aufl., 2014, § 843, Rn. 8.
- ↑ Sprau, in Palandt BGB Komm., 73. Aufl., 2014, § 843, Rn. 17; Spindler, in Beck OK BGB, 41. Aufl., 2016, § 843, Rn. 33.
- ↑ BGHZ 79, 190.